პილატესი და იოგა - რა განსხვავებაა?
- salomemumladze1
- Mar 23, 2024
- 1 min read
Updated: Sep 15, 2024
Ხშირად უკითხავთ ხოლმე, პილატესი ეს იოგა ხომ? ანუ გაწელვები ხომ? არა. იმდენად არა, რომ გულის სიღრმეში პილატესის ყველა ინსტრუქტორი ბრაზდება ამ კითხვაზე. :)
მოდი ავხსნათ, რა განსხვავებაა ამ ორს შორის.
იოგაში აქცენტი კეთდება მთელი სხეულის ჩართულობაზე და ე.წ. ფლოუზე, მოიცავს ნაკლებ გამეორებას, ცნობილია სხვადასხვა პოზით (თავზე დგომა, ხელებზე დგომა და სხვ.) და ბევრი გაწელვითი ვარჯიშით. ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ემოციებსა და სპირიტუალიზმს. იოგა ცდილობს, სხეულის, გონებისა და სულის გაერთიანებას, რათა ადამიანს მისცეს ჰარმონიისა და წონასწორობის შეგრძნება.
იოგა გარკვეულწილად ფილოსოფიაა, ან თუ შეიძლება ასე ითქვას, აღმოსავლური ფილოსოფიის ნაწილი. მას ბევრი მიმდინარეობა აქვს და თითოეულს - მიმდევრების დიდი არმია მსოფლიოში. იოგას სტუდიაში აუცილებლად დაგხვდებათ მშვიდი მუსიკა, საკმეველი და ინტიმური გარემო.
Პილატესი აქცენტს აკეთებს სხეულის ცენტრზე, ანუ მენჯზე, მუცელსა და ხერხემალზე.
ვარჯიშისას ყურადღების მიმართვა ხდება სხეულის კონკრეტულ ზონებზე, რომლებიც მოძრაობაშია, მაგრამ ისე, რომ გაკონტროლდეს სტაბილიზატორი ზონები. სწორედ ამის გამოა, რომ გამოცდილ მოვარჯიშეებსაც კი პილატესის ერთ საათიანი ვარჯიშის შემდეგ სტკივდებათ კუნთები, რომელიც აქამდე არც კი იცოდნენ, თუ ჰქონდათ. ეს ხდება იმიტომ, რომ პილატესის მოძრაობებში ჩართული არა მხოლოდ დიდი (ძირითადი, ყველასთვის ცნობილი) კუნთები, არამედ პატარა, ღრმად მდებარე კუნთები.
Პილატესის მოძრაობები არის ზუსტი, გეომეტრიული და გაძლიერებაზე ორიენტირებული, შესაბამისად, შეუძლია ხელი შეუწყოს რეაბილიტაციის პროცესს. კარგი შედეგი აქვს ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა პროტრუზია, თიაქარი, სქოლიოზი, ბრტყელი ტერფი.
პილატესის ვარჯიშები სრულდება ნელა და დიდი სიზუსტით, რის გამოც საკმაოდ რთულია და მიუხედავად იმისა, რომ კარდიო ვარჯიშებს არ მოიცავს, ასტიმულირებს ოფლის გამოყოფას და წვავს საკმაოდ ბევრ კალორიას.
სირთულის მიხედვით დონეები, რა თქმა უნდა, ამ სისტემასაც აქვს, თუმცა ამბობენ, რომ თუ პილატესი გიადვილდება, ესე იგი არასწორად ასრულებ.






Comments