რით არის პილატესი უნიკალური?
ეს არის კითხვა, რომელიც პილატესის მზარდი პოპულარობის პარალელურად სულ უფრო ხშირად ისმის.
ვიღაც ამბობს, რომ პილატესი უბრალოდ გაწელვაა და კუნთებს „აგრძელებს“. მეორე ამტკიცებს, რომ ეს მთელი სხეულის ვარჯიშია. მესამეს აზრით, ის სხეულსა და გონებას აერთიანებს, ხოლო მეოთხე ხაზს უსვამს მოძრაობის კონტროლსა და სიზუსტეს.
მაგრამ თუ ამ საკითხს კრიტიკულად შევხედავთ, სწრაფად მივხვდებით, რომ ეს მახასიათებლები მხოლოდ პილატესისთვის არ არის დამახასიათებელი. თითქმის ყველა მათგანს სხვა მოძრაობის სისტემებშიც ვხვდებით.
მოდით, რამდენიმე მაგალითი განვიხილოთ.
კორპუსის (Core) გააქტიურება — ძალოვანი ვარჯიშიც სწორედ ამას მოითხოვს. Squat, Deadlift, Overhead Press, Farmer's Carry და სხვა კომპლექსური მოძრაობები ეფექტურად ავითარებს კორპუსის სტაბილურობას.
სუნთქვის კონტროლი — სუნთქვა გადამწყვეტ როლს თამაშობს როგორც იოგაში, ისე ძალოსნობაში, ცურვაში და სხვა მრავალ სპორტში.
კონტროლირებული მოძრაობა — ნებისმიერი კარგი მწვრთნელი, მიუხედავად მეთოდისა, სწორედ მოძრაობის ხარისხზე მუშაობს.
მოქნილობა — ამ მიმართულებით იოგას გაცილებით ფართო არსენალი აქვს.
სხეულისა და გონების კავშირი — ამ პრინციპზე აგებულია იოგა, ტაი-ჩი და სხვა მრავალი მოძრაობითი პრაქტიკა.
ანუ, თუ თითოეულ კომპონენტს ცალ-ცალკე განვიხილავთ, თითქმის ყველა მათგანს სხვა სისტემებშიც ვიპოვით.
უფრო მეტიც, თანამედროვე კვლევები, რომლებიც სხვადასხვა მეთოდის ეფექტურობას ერთმანეთს ადარებს, იშვიათად ადასტურებს რომელიმე სისტემის აშკარა უპირატესობას. მაგალითად, არასპეციფიკური წელის ტკივილის დროს ეფექტური შეიძლება იყოს როგორც პილატესი, ისე იოგა ან ინდივიდუალურად სწორად შედგენილი ძალოვანი ვარჯიშის პროგრამა.
მაშ, თუ პილატესში არაფერია ისეთი, რაც სხვაგან საერთოდ არ გვხვდება, რატომ გახდა ის ასეთი პოპულარული?
ერთ-ერთი მიზეზი, ჩემი აზრით, ისტორიულ გარემოებებში უნდა ვეძებოთ.
როდესაც ჯოზეფ პილატესი თავის მეთოდს ქმნიდა, ფიზიკური ვარჯიშის დიდი ნაწილი კუნთების იზოლაციასა და გარეგნულ შედეგებზე იყო ორიენტირებული. პილატესმა კი ყურადღება გადაიტანა მოძრაობის ხარისხზე, კონტროლზე, სუნთქვაზე, სტაბილურობასა და სხეულის მთლიან ფუნქციონირებაზე.
დღეს ეს პრინციპები ფართოდ გამოიყენება თანამედროვე ძალოვან ვარჯიშში, სპორტულ მომზადებასა და ფიზიოთერაპიაში. თუმცა ჯოზეფ პილატესი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ისინი ერთიან, თანმიმდევრულ სისტემად გასული საუკუნის დასაწყისშივე ჩამოაყალიბა. სწორედ ამაში იყო მისი დროისთვის ნამდვილი სიახლე.
მაშ, რა არის ის, რაც პილატესს დღესაც განსაკუთრებულს ხდის?
დროებით გვერდზე გადავდოთ მარკეტინგი, ტრადიცია და „ფილოსოფია“ და ვიკითხოთ: რა აქვს პილატესს ისეთი, რაც მას სხვებისგან განასხვავებს?
ჩემი აზრით, პილატესის უნიკალურობა არც ერთ კონკრეტულ კომპონენტში არ არის. მისი ძალა სწორედ ამ კომპონენტების კომბინაციაშია.
ბევრი სისტემა ავითარებს ძალას.
ბევრი — მოქნილობას.
ზოგი — ბალანსს.
ზოგი — სუნთქვის კონტროლს.
პილატესი კი ამ ყველაფერს ერთ მთლიან, თანმიმდევრულ სისტემაში აერთიანებს, სადაც არც ერთი კომპონენტი არ დომინირებს და ყველა ერთად მუშაობს მოძრაობის ხარისხის, სხეულის კონტროლისა და ფუნქციურობის გასაუმჯობესებლად.
სწორედ ამიტომ პილატესი არც წმინდა ძალოვანი ვარჯიშია და არც მხოლოდ იოგა.
ის არის მოძრაობის სისტემა, რომელიც აერთიანებს ძალას, სტაბილურობას, მობილობას, კოორდინაციას, სუნთქვასა და კონცენტრაციას ისე, რომ თითოეული ელემენტი დანარჩენს ავსებს.
ალბათ ამიტომაც ვერ ვიტყვით, რომ პილატესი ყველა ადამიანისთვის საუკეთესო არჩევანია. თუ თქვენი მთავარი მიზანი მაქსიმალური ძალის განვითარებაა, ძალოვანი ვარჯიში უფრო ეფექტური იქნება. თუ მხოლოდ მოქნილობის გაზრდა გსურთ, იოგას ამ მიმართულებით უფრო ფართო შესაძლებლობები აქვს.
მაგრამ თუ გსურთ ერთ სისტემაში გააერთიანოთ ძალა, მოძრაობის კონტროლი, სტაბილურობა, მობილობა, სუნთქვა და სხეულის ეფექტური მუშაობა, პილატესი ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი არჩევანია.
და რაც მთავარია, ასეთი მიდგომა გეხმარებათ არა მხოლოდ ვარჯიშის დროს, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. სხეული უფრო ფუნქციური ხდება — მოძრაობს უფრო ეკონომიურად, უკეთ უმკლავდება ყოველდღიურ დატვირთვას და ნაკლებად გიქმნით უსიამოვნო შეზღუდვებს.
რა თქმა უნდა, ამისთვის მნიშვნელოვანია გამოცდილი ინსტრუქტორი და კარგად დაგეგმილი პროგრამა, რომელიც ეფუძნება პილატესის ძირითად პრინციპებს და მორგებულია თქვენს ინდივიდუალურ მიზნებსა და შესაძლებლობებს.




Comments