როგორ ვისუნთქოთ სწორად? პილატესი გასწავლის
- salomemumladze1
- Oct 10, 2024
- 1 min read
რამდენი სახის სუნთქვის შესახებ გსმენია? იცოდი, რომ როცა ღელავ, გძინავს, ან დადიხარ სხვადასხვანაირად სუნთქავ?
ვარჯიშის დროს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, იცოდე და აკონტროლებდე თითოეულ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას. ამიტომ დროა, გავიცნოთ პილატესის სუნთქვა.
დავიწყოთ იმით, თუ
როგორი სახის სუნთქვა არსებობს?
ღრმა/გრძელი - ჰაერის შეტანა ორგანიზმში ხდება რამდენიმე წამის განმავლობაში, ივსება ფილტვები, იბერება დიაფრაგმა. ჩართულია მუცელი
საშუალო/შუა - ჰაერი ორგანიზმში შედის შედარებით მცირე ხნის მანძილზე ივსება, სუნთქვა ძალდაუტანებელი და ბუნებრივია, ჩართულია მკერდი სრულად ნეკნებამდე, მაგრამ არ იბერება მუცელი
მოკლე - წამიერი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა მკერდის ზედა ნახევრის მონაწილეობით, გვახასიათებს მოუსვენარ მდგომარეობაში.
ვისაც ერთხელ მაინც უვარჯიშია, ეცოდინება, რომ იოგაში უმეტესად ღრმა სუნთქვა გამოიყენება. მედიტაციის დროს - ღრმისა და საშუალოს მონაცვლეობას მიმართავენ.
როცა ვნერვიულობთ, მოკლე სუნთქვით ვსუნთქავთ, რაც თავის მხრივ, კიდევ უფრო ამძაფრებს ღელვას.
პილატესი კი სრულად საშუალო/შუა სუნთქვაზეა დაფუძნებული და ვარჯიშის სწორად შესრულება აუცილებლად მოიაზრებს გააზრებულ და სწორ სუნთქვას.
ვისწავლოთ პილატესის სუნთქვა
ხელები დაიწყვე მკერდის ქვეშ იქ, სადაც ნეკნები ერთდება ისე, რომ შუა თითები ეხებოდეს ერთმანეთს. ცერა თითები მიმართულია ზურგისკენ. თუ შენს თავს სარკეში შეხედავ, უნდა ხედავდე 4 ერთმანეთისკენ მიმართულ თითს, რომლებიც ქამარივით გაქვს შემორტყმული მკერდის ქვეშ, ხოლო ცერები არ ჩანს.
ჩაისუნთქე ცხვირით, გაავსე მკერდი ჰაერით და დააკვირდი, რომ ერთმანეთზე მიდებული შუა თითები დაშორდეს - ნეკნები უნდა გაიხსნას. დააკვირდი, რომ ამ დროს მუცელი არ გაიბეროს. ერთი მხრივ, იბერება მკერდი, პარალელურად კი იკუმშება მუცლის კუნთები.
ამოისუნთქე პირით. შუა თითები ისევ უნდა მიედოს ერთმანეთს. გაიმეორე რამდენჯერმე.
დააკვირდი ყოველ ჯერზე, მუცელს და გახსოვდეს, რომ ეს არ არის ღრმა სუნთქვა. ამ დროს არ იღლები და ორგანიზმს აძლევ საშუალებას, ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის მონაცვლეობით უფრო ეფექტურად მიიღოს თითოეული მოძრაობა. ისწავლე ასე სუნთქვა და ეცადე, ის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც დანერგო. ასე შეძლებ, უკეთ მართო ემოციები და მტკიცე და ლამაზ მუცელსაც შექმნი, რომელიც თავის მხრივ ლამაზ დგომასა და სიარულის მანერას უწყობს ხელს.
Komentarze